თავის მოვლა --> ქალი
როგორ შევინარჩუნოთ თმის სილამაზე
როგორ შევინარჩუნოთ თმის სილამაზე

ეფექტური და სასარგებლო მოვლისათვის, აუცილებელია საკუთარი თმის ზუსტი ტიპის დადგენა. თმა იყოფა ნორმალურ, მშრალ, ცხიმიან და შერეულ ტიპებად. სახლის პირობებში თმის მოვლისას საჭიროა დავიწყოთ დაბანის წესებით. დაბანა ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, როგორც ჰიგიენური ისე კოსმეტიკური თვალსაზრისით. 
 

  1. თავის დაბანა საჭიროა იმ სიხშირით რამდენადაც ეს აუცილებელია. დაბინძურება თმის სხვადასხვა სტილზე სხვადასხვანაირად აისახება. ინდივიდუალური მაჩვენებელი მერყეობს ყოველდღიურობიდან კვირაში ერთხელ სიხშირით. მათ ვინც ყოველდღიურად იყენებს სხვადასხვა თმის საშუალებებს, დაბანაც ყოველდღიურად ხდება საჭირო. ისინი ამძიმებენ თმას და უარყოფითად მოქმედებენ თმის ხარისხზე. ყოველდღიური დაბანისას საჭიროა რბილი შამპუნები, სპეციალურად ამ დანიშნულებისათვის.
  2. ცხელი წყალი ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებულ მუშაობას იწვევს, ამიტომაც დაბანა მიზანშეწონილია თბილი წყლით. ცხიმიანი თმის შემთხვევაში შესაძლოა ის ნორმაზე ოდნავ ცხელი იყოს, თუმცა არც მთლად ცხელი. წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 35-45 გრადუსი. 
  3. თმის გაშრობა სჯობს ბუნებრივი გზით. ეცადეთ არ გამოიყენოთ ფენი. არც პირსახოცის „დოლბანდით“ დიდხანს სიარულია სასურველი. ფენით გაშრობის შემთხვევაში სასურველია ცივი ჰაერი და თავიდან 40 სმ-ზე დაშორება. 
  4. დაძინებამდე აუცილებელია საგულდაგულო დავარცხნა, რათა გაქრეს სხვადასხვა საშუალებების კვალი და თმა არ დაიხლართოს. სველი თმის დავარცხნა მიზანშეწონილი არ არის, აუცილებლობის შემთხვევაში კი არ გამოიყენოთ მეტალის სავარცხელი, მხოლოდ პლასტმასისა და ხის. გრძელი თმის შემთხვევაში უმჯობესია დავარცხნა ბოლოებიდან ნაწილ-ნაწილ თმის ძირამდე.
  5. როგორ შევარჩიოთ საჭირო საშუალება თმის დასაბანად? პირველ რიგში, კატეგორიულად აიკრძალოს საპონი: ის მთლიანად აქრობს წყლისგან დამცავ ფენას, როგორც თმებიდან ისე თავის კანიდან. შამპუნის არჩევისას დაკვირვებით უნდა წაიკითხოთ მასზე დატანილი ტექსტი. შამპუნი უნდა ესადაგებოდეს თქვენი თმის ტიპს. პირველად მოხმარების შემდეგ კი უნდა დააკვირდეთ შედეგს. 
  6. შამპუნის გამოყენების შემდეგ რეკომენდირებულია ბალზამის მოხმარება. მას რამდენიმე ფუნქცია აქვს: დავარცხნისა და გამოშრობის შემსუბუქება და ელასტიურობა. მნიშვნელოვანია შამპუნი და ბალზამი ერთი წარმოების იყოს.


გახსოვდეთ, რომ თმის მოვლა, ისევე როგორც სხეულის სხვა ნაწილების მოვლა მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

 

ანა მესხიშვილი